logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "Deep state" ანუ საიდუმლო მმართველობა

17 სექ 202320:08
3 წუთის საკითხავი
 

შევარდნაძის მმართველობის დასაწყისში, როდესაც ქვეყანაში რუსული გავლენები უკიდურესად ძლიერი იყო, მთავრობის მთელი ძალოვანი ბლოკი მოსკოვის რეკომენდებული კადრებით დაკომპლექტდა: ვარდიკო ნადიბაიძე, იგორ გიორგაძე, შოთა კვირაია, მოადგილეები და საკვანძო დეპარტამენტების ხელმძღვანელები… ვიცოდით რომ ასე იყო.. თვით შევარდნაძეც ღიად მიანიშნებდა მის იძულებით "კომპრომისებზე" კრემლთან და სხვა ფიგურებიც არათუ მალავდნენ - დემონსტრაციულად ახდენდნენ სიახლოვის აფიშირებას რუსეთის ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრის პირველ პირებთან.

შესაძლოა გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ მგონია რომ დღეს გაცილებით უარეს მდგომარეობაში ვართ. საქმე გვაქვს ეგრეთწოდებულ Deep state-თან, ანუ საიდუმლო მმართველობასთან, როდესაც ფაქტობრივად მთელი ჩვენი სახელისუფლებო ვერტიკალი რუსული სპეცსამსახურების მიერ არის დაკომპლექტებული. ამ დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება ყოფილი მთავარი პროკურორის ფარცხალაძის სანქცირების თაობაზე და რაც მთავარია სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტება, თუ რატომ გადადგა ვაშინგტონმა საქართველოსთვის ეს უპრეცედენტო ნაბიჯი.

აქ საუბარია არა მხოლოდ გავლენის აგენტების მეშვეობით განწყობების შექმნაზე, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის სრულ მონოპოლიზაციაზე. ფარცხალაძისა და მისნაირების მეშვეობით რუსეთის სპეცსამსახურებს მექანიკურ მართვაზე ჰყავთ აყვანილი საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები, მათი საშუალებით კი სახელისუფლო შტოები - იქნება ეს საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ სასამართლო. რუსული სპეცსამსახურების მუშაობის ეფექტურობის მაგალითია საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური პროპაგანდისტული მანქანა და პოლიტიკურ ველზე ღიად შემოყვანილი რუსული ყაიდის ექსტრემისტული, ძალადობრივი ჯგუფების გავლენის ზრდა.

დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არამარტო მიმდინარეობს - დასკვნით ფაზაშია რუსული სპეცოპერაცია, რომელსაც ძალიან მკაფიო და მკაცრად განსაზღვრული სტრატეგიული მიზანი აქვს: მოახდინოს საქართველოს დასავლეთისგან სრული დისტანცირება და ევროატლანტიკური პერსპექტივის დასამარება. დემოკრატიული ძალების დასუსტება, სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებრივი ჯგუფებისა თუ ინდივიდების ქვეყნიდან განდევნა და საქართველოს მოსახლეობის - რუსული ტიპის საზოგადოებად ტრანსფორმირება, ამ ოპერაციის ტაქტიკური შემადგენელია.

ფარცხალაძესთან დაკავშირებული ამერიკული სანქციით ვაშინგტონმა ცხადი გახადა რომ დღეს საქართველოს არა ქართული, არამედ რუსული მთავრობა ჰყავს და მათ ვისაც ამაში ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებოდათ და რუსების მიერ ჩვენი მთავრობის მართვა კრიტიკული მედიის მოგონილ ჰალუცინაციად მიაჩნდათ, საღ აზრთან, პატრიოტულ ვალთან და მოქალაქეობრივ სინდისთან კომპრომისი უკიდურესად გაურთულა.

სანქცია და მისი დასაბუთება ნათლად გვაჩვენებს რუსული მმართველობის ბუნებასაც: რა მახასიათებლების ტიპაჟები წარმოადგენენ საკვანძო ფიგურებს ქვეყანაზე კონტროლის სქემაში: კრიმინალური წარსულის სუბიექტების ინფილტრირება ხელისუფლებაში და ძალაუფლების გამოყენებით, ასევე დანაშაულებრივი, კორუფციული გზით მოპოვებული ფინანსური რესურსებით, შანტაჟით და ძალადობით მაფიოზურ-კლანური ვერტიკალის და შიშის ატმოსფეროს შექმნა - არამარტო საქართველოში რუსული მეთოდიკის "სპეცბრენდია".

რასაკვირველია შემეძლო ბევრი მესაუბრა ამ პროცესში ივანიშვილის როლზე, ადგილსა თუ პასუხისმგებლობაზწ, თუმცა მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი: ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებით, ადრე არაერთხელ გამოთქმული ეჭვი საბოლოოდ გამიმყარდა. ეს არის ცხადი სიგნალი და გაფრთხილება მილიარდერისთვის, რომ ამერიკული სანქციის შემდეგი სამიზნე ის უკვე თავად გახდება. ივანიშვილის პერსონალური მომავალი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად დროული და ეფექტური იქნება მისი როლი ქვეყნის ვექტორის კვლავ დასავლეთისკენ შემოტრიალების მცდელობაში. თუმცა ისიც აშკარაა, რომ რუსული ინფილტრაციის ხარისხი იმაზე გაცილებით ღრმა და მასშტაბურია ვიდრე აქამდე ვინმეს წარმოგვედგინა. რაც იმას ნიშნავს, რომ თავად ივანიშვილი, ამ პროცესში, დიდი ალბათობით, არა გადაწყვეტილების მიმღები, არამედ უკეთეს შემთხვევაში მძევალია. შესაბამისად საეჭვოა რამდენად ჰქონდა, ან ახლა აქვს მას რეაგირების ძალა და რესურსი, თუ მთავარ გადაწყვეტილებებს არა ჭორვილაში, აბასთუმანსა თუ შეკვეთილში, არამედ მოსკოვში, ლუბიანკაზე იღებენ.

ამ სანქციების მზადებამ შესაბამისი სპეცსამსახურების არათუ ფილტრი გაიარა, არამედ მათი მუშაობის შედეგია. ეს ნიშნავს რომ არამარტო ამერიკელი - ევროპელი ლიდერებიც სრულად არიან ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რომელი ცენტრიდან და რა მეთოდებით იმართება დღეს საქართველოს მთავრობა.

სანქცირების და მათი მოტივაციის ფონზე ხელისუფლების არაადეკვატურად გამომწვევი ქცევა უკვე აღარც გასაკვირია და აღარც აუხსნელი, ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება. რაც მთავარია, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ასეთი მკაფიო გზავნილის შემდეგ ქართული საზოგადოების იმ ნაწილისთვისაც შეუძლებელი ხდება საკუთარ სინდისთან კუკუდამალობანას თამაში, რომლებიც ოცნების რუსულ მარიონეტობას დღემდე ვერ იჯერებდნენ.. ახლა მთავარია მათთან ერთად გავერკვეთ - ამ თვალისმომჭრელი სიცხადის პირისპირ ჩვენ სად ვდგავართ:- გამოაშკარავებული რუსული "Deep State"-ის, ანუ ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ძირგამომთხრელი საიდუმლო მმართველობის მძევლებად ვრჩებით, თუ მწარე სიმართლეს ვაღიარებთ და ვიქცევით ისე, როგორც თავისი ქვეყნის ყველა პატრიოტი უნდა იქცეოდეს. ჯერ ამაზე გავცეთ საკუთარ სინდისს პასუხი და შემდეგ პასუხების პოვნა იმაზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ - უფრო ადვილი გახდება.

 

close დახურვა